Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" უპასუხოდ ტოვებს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას არ ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების შემდეგ, როცა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, არც მან და არც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არ უპასუხეს მედიის შეკითხვას, იგეგმება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნაა. ამასთან, უმთავრეს მოთხოვნად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. სწორედ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას 20-21 ივნისის აქციის დაშლისას ძალის გადამეტებით გამოყენებაში.

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG