Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალთა სახლი გაუქმდა


მწერალთა სახლი გაუქმდა. მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, ინფორმაცია მწერალთა სახლის ფეიბუკის გვერდზე გავრცელდა.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2019 წლის 3 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აპირებს მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების (სსიპ-ები), „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „საქართველოს მწერალთა სახლის“, გაერთიანებას „ლიტერატურის ეროვნულ ფონდში“.

სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული სსიპების შედეგად შექმნილი ფონდის საქმიანობის საგანი იქნება ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

7 მაისს 50-ზე მეტმა მწერალმა და გამომცემელმა დამოუკიდებლობის შენარჩუნების მოთხოვნით ღია წერილი გაავრცელა.

ხელმომწერების განცხადებით, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „საქართველოს მწერალთა სახლის“ გაერთიანების გადაწყვეტილება კულუარულად მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

მათი თქმით, ორგანიზაციების თანამშრომლებთან, მწერლებთან თუ გამომცემლებთან კონსულტაციების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება საეჭვოს ხდის სამინისტროს მოტივაციას, რომ გაერთიანება ემსახურება ორგანიზაციების მოდერნიზაციასა და მართვის გაუმჯობესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG