Accessibility links

site logo site logo

პატიმრობაში მყოფი გულნარა ქარიმოვა შეწყალებას სთხოვს უზბეკეთის პრეზიდენტს


უზბეკეთის ექსპრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილი, გულნარა ქარიმოვა, რომელიც კორუფციის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება, შეწყალებას თხოვს პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს.

23 ივნისს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გულნარა ქარიმოვა ამბობს, რომ წუხს და სინანულს გამოთქვამს "ნებისმიერ იმედგცრუებაზე", რომელიც მან შესაძლოა გამოიწვია. ქარიმოვა ამბობს, რომ ოპერაცია ესაჭიროება ჯანმრთელობის დაუკონკრეტებელი პრობლემის გამო. ქარიმოვა წერს, რომ უკვე განხორციელდა 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის მისი ქონების რეპატრიაცია უზბეკეთის სასარგებლოდ და "რესპუბლიკის ბიუჯეტს ხმარდება".

ერთი კვირის წინ ქარიმოვას შვეიცარიელი ადვოკატი გამოვიდა განცხადებით მისი კლიენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ქარიმოვას ერთ დროს მამამისის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა შემდეგ მისი სახელი დაუკავშირდა შვეიცარიასა და შვედეთში მიმდინარე გამოძიებებს ფულის გათეთრების შესახებ და ის უზბეკეთში დამნაშავედ სცნეს ფინანსურ დანაშაულებში. 2014 წლიდან ის ტაშკენტში, პატიმრობაში იყოფება - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მამამისი ცოცხალი იყო და ქვეყანას მართავდა. ქარიმოვი 2016 წელს გარდაიცვალა და უზბეკეთის პრეზიდენტი მირზიოევი გახდა. 2017 წლის დეკემბერში ქარიმოვას 10 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა რამდენიმე თვეში სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირეს და შინაპატიმრობით შეუცვალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG