Accessibility links

თუშიშვილმა ევროპული თამაშების ოქროს მედალი რუსი მეტოქის ძლევით მოიპოვა


მეორე ევროპულ თამაშებზე ძიუდოსთვის განკუთვნილი დღეები საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. უმძიმეს წონით კატეგორიაში, +100 კილოგრამში, ყველას აჯობა გურამ თუშიშვილმა და ევროპის თამაშების უმაღლეს ტიტულთან ერთად ევროპის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა, რადგან „მინსკი 2019“ პარალელურად ევროპირველობადაც მიიჩნევა.

გურამ თუშიშვილი შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ტატამზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავისი ძალა ყველას. საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მძიმეწონოსანმა ეფექტური სუფთა გდებით დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი ინალ ტასოევი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მეორე ევროპული თამაშები შვიდი მედლით და მამაკაცებს შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. გურამ თუშიშვილის მსგავსად, ევროპის ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ). ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა (ორივე 66 კგ) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ).

ძიუდოისტებამდე ევროპულ თამაშებში ქართველმა სამბისტებმა გაიბრწყინეს: ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ასევე პირველი ადგილი დაიკავეს გუნდურ ჩათვლაში. ყველა სახეობის საერთო მონაგარის გათვალისწინებით კი, „მინსკი 2019“-ის ოთხი დღის თავზე ქართველმა სპორტსმენებმა უკვე ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოაგროვეს და საქართველო მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსიას ჩამორჩება.

უკვე მედლების რაოდენობითაც და ხარისხითაც გაუმჯობესდა პირველი ევროპული თამაშების (ბაქო 2015) შედეგი. ამასთან, ჯერ საქმეში არ ჩართულა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თორმეტი წევრი და ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე.

ევროპული თამაშები 30 ივნისამდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG