Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია პარლამენტის პლენარულ სხდომას მარტო, თანაგუნდელების გარეშე დაესწრება


„ნაციონალური მოძრაობის წევრი “ნიკა მელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შევიდა, სადაც დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე სასამართლოსთვის მისამართად პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას.

მელია სხდომას მარტო, თანამოაზრეებისა და თანაპარტიელების გარეშე დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ მარტო იყოს "ქართული ოცნების" დეპუტატების წინაშე:

"ნიკა მელია არ დაზარალდება, რადგან ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს გახმაურებული. ხელისუფლებას უნდა საკუთარი დანაშაულის გადაფარვა. დღეს, ნიკა მელიასთან ერთად რომ განიხილებოდეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც, მე ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველას წილი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს. მაგრამ ის, რაც აქ ხდება, ეს არის კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. "ქართულ ოცნებას" თვალი ატყუებს, რადგან ჰგონიათ, რომ დარბაზში ბევრნი არიან. პასუხს ამ ადამიანებს ათიათასობით ახალგაზრდა სთხოვს და მომდევნო კრიზისი "ქართული ოცნებისათვის", მგონი, რომ გადაულახავი იქნება", - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 წევრმა 3-ის წინააღმდეგ.

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე.

გენერალური პროკურორის მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG