Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: მშვიდობიანი გზით, არ მივცეთ საშუალება გახარიას, 28 ივნისს მივიდეს პარლამენტში


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, პარლამენტის უკანა მხარეს შეკრებილი მხარდამჭერები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.

პარლამენტმა 26 ივნისს კენჭი უყარა დადგენილების პროექტს "საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ".

დადგენილება დეპუტატებმა 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილ მხარდამჭერებს და მოუწოდა მათ კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი ფორმით, არ მისცენ საშუალება შს მინისტრს, გიორგი გახარიას, 28 ივნისს მივიდეს პარლამენტში:

„არასდროს ისეთი ძლიერები არ ვყოფილვართ როგორც ახლა. მათ აუცილებლად მოუწევთ წასვლა. ჩვენ უახლოეს დღეებში უნდა მოვახერხოთ კონსტიტუციის ფარგლებში გახარიას პოლიტიკური თავი აუცილებლად უნდა გაგორდეს უახლოეს დღეებში. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორი გმირი ახალგაზრდები, რომლებიც მეშვიდე დღეა დგანან რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, რომ გახარია, იგივე გავრილოვი პარლამენტში 28 ივნისს მეორედ ვერ უნდა შევიდეს. თუ გახარიამ გაბედა და ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტში შემოვიდა, ჩვენ მას რაოდენობით უდნა გადავაფიქრებინოთ აქ მოსვლა და ეს ჩვენ შეგვიძლია. ქუდზე კაცი უნდა გამოცხადდეს და მშვიდობიანად, პოლიტიკური, სამოქალაქო ობსტრუქცია უნდა მოვუწყოთ მათ. ეს ახალგაზრდობა მეშვიდე დღეა ითხოვს გახარიას თანამდებობიდან წასვლას და გახარია წასვლას კი არ აპირებს, ისევ აქ მოსვლას აპირებს“.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG