Accessibility links

site logo site logo

ტოივო კლაარი აკრიტიკებს რუსეთის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის შესახებ


სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი აპირებს მომავალ კვირაში, ჟენევის დისკუსიების დროს, წამოჭრას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვის საკითხი.

„ზომები, რომელთა შესახებაც რუსეთის მხარემ გამოაცხადა, არ არის გამართლებული, არ გააჩნია საფუძველი მათ მიღებას და ამიტომ იმედი მაქვს, რომ, სულ ცოტა, შევძლებთ დავუბრუნდეთ მანამდე არსებულ ვითარებას“, - განაცხადა კლაარმა 26 ივნისს რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში.

კლაარი თანათავმჯდომარეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებისა და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრის საკითხები განიხილება.

თბილისში 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას ესტონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირა არ ყოფილა საქართველოში, მაგრამ იცის, რომ პირველი ღამის ძალადობის შემდეგ საპროტესტო აქციები მშვიდობიან გარემოში გრძელდება.

„ზუსტი გარემოებები, თუ ვინ რა გააკეთა, - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი საკუთარი ინიციატივით ჩაჯდა, თუ სთხოვეს ამის გაკეთება, - არ ვიცი, იქ არ ვყოფილვარ“,- თქვა ტოივო კლაარმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩები ატარებენ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან და არსებობს თანხმობა იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წავიდეს პროცესი. კლაარს დეტალებზე არ ულაპარაკია.

2013-2014 წლებში ესტონელი დიპლომატი სათავეში ედგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ევროკავშირის საბჭომ ის 2017 წლის 13 ნოემბერს დანიშნა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ტოივო კლაარმა ამ პოსტზე შეცვალა ჰერბერტ ზალბერი. მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას პრეტენზიები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის მაისში ცხინვალში მყოფმა გერმანელმა დიპლომატმა გაპრეზიდენტება მიულოცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG