Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: არც ერთი აკრძალული ან ლეტალური ტყვია გამოყენებული არ ყოფილა


„თქვენ რაღაც ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის „დათვის“, ეს უბრალოდ არის ცინიკური ტყუილი, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება, ყველაფერს გამოიძიებს გამოძიება და იტყვის რას რა სახელი უნდა დაერქვას“, -განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამმხოლოდ სატელევიზო ტოკშოუების წამყვანებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიას სიტყვებით ყველა ტყვია, რომელიც 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას გამოიყენეს სამართალდამცავებმა შეესაბამებოდა პროტოკოლით დადგენილ სტანდარტს.

„ის რეგლამენტი რაც დღეს არსებობს ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შესაძლებელია იყოს გადახედილი მაგრამ, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის შემთხვევები, როცა ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან სროლა არის გამოსაძიებელი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ საკითხებთან რაც იქნება გასაუმჯობესებელი“.

გიორგი გახარიას განცხადებით თუ ვინმემ დაარღვია პროტოკოლი ან არსებობს, დამადასტურებელი ფაქტები, უნდა იყოს დასჯილი.

„არც ერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებაში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. მე აქ ჩემი პასუხისმგებლობიანად ვზივარ, რასაც ვამბობ, ვსაუბრობ მინისტრის რანგში და კარგად ვაცნობიერებ, რომ თითოეულ სიტყვას აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა. არც ერთი რეზინის ტყვია, რომლიც არის აკრძალული ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა“

შს მინისტრის თქმით, ე.წ რაკეტისებრი ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაში იყო და ისინი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში პირველად გამოიყენეს.

გიორგი გახარიას სიტყვებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენებაზე. „მე ვამბობ, რომ ყველაფერი რაც ამ ღონისძიებაზე მოხდა არის ჩემი პასუხისმგებლობა“ .

ის თუ რაში გამოიხატება შს მინისტრის პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ შემდეგნაირად განმარტა:

„ჩემი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება, რომელიც ამ ღონისძიებას უკავშირდება, როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით, რომელსაც შსს იძიებს“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG