იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაიწყო დიდი ოცეულის სამიტი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. სამიტს ოსაკა ორი დღის განმავლობაში, 28-29 ივნისს უმასპინძლებს. სახელმწიფო ლიდერები იმსჯელებენ საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებსა და კლიმატის ცვლილებებზე. გაიმართება ასევე პირისპირ შეხვედრები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, პრეზიდენტები განიხილავენ სტრატეგიული სტაბილურობისა და რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს. მათ შორის სიტუაციას უკრაინაში, სირიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ავღანეთში და ვენესუელაში. პრეზიდენტების საუბრის თემაა ასევე „ირანის პროგრამა“.
არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში, – გაეხუმრა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგას დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, პირისპირ მოლაპარაკების დაწყებისას.
„ძალიან საინტერესო დისკუსია გვაქვს. მრავალი თემა არსებობს, რომელსაც განვიხილავთ, მათ შორის ვაჭრობა, განიარაღება, პროტექციონიზმი და სხვა საკითხები. ვფიქრობ, შეხვედრის შედეგები ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დიდი ოცეულის წინა სამიტზე, გასულ წელს, ბუენოს აირესში დაგეგმილი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის არ შედგა. შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტმა 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო ჩაშალა. გადაწყვეტილების მიზეზად ტრამპმა დაასახელა რუსეთის უარი არ დაებრუნებინა ქერჩის ინციდენტის დროს დაკავებული გემები უკრაინისთვის.