Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელიას ადვოკატი მოსამართლის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში იმ შეზღუდვების ნაწილს ასაჩივრებს, რომელიც მოსამართლემ მის დაცვის ქვეშ მყოფს 27 ივნისს დაუწესა. გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი 29 ივნისს შეიტანა.

რადიო თავისუფლებასთან კომენტარში გიორგი კონდახიშვილი განმარტავს, რომ საჩივარი შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვების შეზღუდვას, რომელიც მისი თქმით, პირდაპირ კავშირშია პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებასთან. დაცვის მხარე ასევე ასაჩივრებს იმ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვას, რომელიც მომავალში შესაძლოა გახდნენ საქმეში მოწმეები. გიორგი კონდახიშვილის განმარტებიით, ეს აკრძალვა, ბუნდოვანი ჩანაწერია.

"პარლამენტის წევრის მიერ მისი უფლებამოსილების თავისუფლად განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით არის გარანტირებული. მოსამართლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დათქმას, რადგან ნიკა მელიამ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი საბაბით სახლიდან გამოსვლამდე, წინასწარ უნდა შეატყობინოს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელს და მიიღოს მისგან ნებართვა. მათ შორის, თუ ის აპირებს წავიდეს საქართველოს პარლამენტში", - აცხადებს კონდახიშვილი.

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას 30 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს. მას რამდენიმე აკრძალვა დაუწესდა, მათ შორის ერთ-ერთი შეეხება აქციებზე სიტყვით გამოსვლასაც, თუმცა მელიას ადვოკატი ამ შეზღუდვას არ ასაჩივრებს.

მომავალ კვირაში გახდება ცნობილი განიხილავს თუ არა სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის საჩივარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG