Accessibility links

site logo site logo

კრემლი „მკაცრს“ და „უკიდურესად გულახდილს“ უწოდებს პუტინთან ტერეზა მეის საუბარს


ოსაკა, 2019 წლის 28 ივნისი: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის, ტერეზა მეისა და ვლადიმირ პუტინის მისალმება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის საუბრის ის ნაწილი, რომელიც სკრიპალების მოწამვლას ეხებოდა, „მკაცრი“ და „უკიდურესად გულახდილი“ იყო.

პესკოვის განმარტებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „საკმარისად გასაგებად“ აუხსნა ტერეზა მეის ყველაფერი, რაც „ამ საქმეზე ახსნას საჭიროებდა“,

პესკოვის თქმით, ბრიტანეთის მხარეს დღემდე არ წარმოუდგენია სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის ბრალეულობის მტკიცებულება.

მეიმ და პუტინმა ისაუბრეს იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად გამართულ შეხვედრაზე. საუბრის ნაწილი, რომელიც სკრიპალებს ეხებოდა, გაიმართა დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა, აგრეთვე მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში მოწამლეს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. საამისოდ გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება.

სკრიპალები გადარჩნენ. მათ გარდა „ნოვიჩოკით“ მოიწამლა ბრიტანეთის სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG