Accessibility links

site logo site logo

აქციის მე-12  დღე დასრულდა - ორგანიზატორთა თქმით, ამ დღეს სამსახური 2-მა ადამიანმა დაკარგა


პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე კი ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამოქალაქო აქტივობის გამო კიდევ ერთმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა თეიმურაზ ჯიმშელეიშვილმა განაცხადა, რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. როგორც აქციაზე ითქვა, თეიმურაზ ჯიმშელეიშვილი მეეზოვეა. თეიმურაზ ჯიმშელეიშვილის გარდა, უფრო ადრე აქციაზე ცნობილი გახდა ასევე 61 წლის გია წოწორიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებაც. გია წოწორია გლდანის აუზზე მუშაობდა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები გმობენ პოლიტიკური შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტივობის გამო მოქალაქეთა სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს.

ხვალ, 2 ივლისს, აქცია პარლამენტის შენობის წინ 19 საათზე განახლდება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG