Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა


„აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ“, - აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია ისიც,რომ არც ერთი ახალგაზრდა ოკუპირებული რეგიონებიდან უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩება:

„მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150 ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში.

სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელის დაკეტვის მომენტიდან ამ დრომდე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.

სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველი დროით ცალმხრივად 28 ივნისს ჩაიკეტა. შეზღუდვა არ ეხება ზუგდიდიდან აფხაზეთში მიმავალ მგზავრებს, ენგურჰესის თანამშრომლებს და ჯანმრთელობის ცნობის მქონე მძიმე ავადმყოფებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG