Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილი არ ადასტურებს, რომ განიხილება კაკულიასა და ჯაშის პოსტებიდან გათავისუფლების საკითხი


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დეპუტატების მარიამ ჯაშისა და რომან კაკულიას მიერ თანამდებობების დაკავების საკითხი დღეს დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პროგნოზებს ვერ გააკეთებს:

„ვერ გეტყვით წინმსწრებად პროგნოზს. ნებისმიერი საკითხი, რომელსაც გუნდში ვმსჯელობთ, რჩება გუნდში. აქედან გამომდინარე, რაც გუნდში არის მსჯელობის საგანი ამ ეტაპზე კამერების წინ ვერ დავაფიქსირებ. ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული გუნდის მიერ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან დროულად ეცნობება საზოგადოებას”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. იგი აზუსტებს, რომ მარიამ ჯაშისა და რომან კაკულიას საპარლამენტო პოსტებიდან გათავისუფლების საკითხზე უმრავლესობას არც წინა სხდომაზე უმსჯელია.

ანრი ოხანაშვილის კომენტარამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ გეგმავს, განიხილოს უმრავლესობის იმ წარმომადგენლების საკითხი, რომლებმაც კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის მიმართვას დეპუტატ ნიკა მელიას დაკავების შესახებ.

მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო რომან კაკულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს თავმჯდომარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ გენერალური პროკურორის მიმართვას პარლამენტში 26 ივნისს უყარეს კენჭი. 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ - დეპუტატებმა საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაწყვიტეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშსა და ბიძინა გეგიძეს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მას პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ არ აპირებს დისკომფორტი შეუქმნას კოლეგებს და თუკი „ქართული ოცნების“ გუნდი გადაწყვეტს, რომ ის არ უნდა დარჩეს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, პოსტს ის უპრობლემოდ დათმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG