Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კახიძე: ხელისუფლება თვალების დათხრის გამართლებას ცდილობს


„ხელისუფლება ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრისა და ველურობის გამართლებას ცდილობს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გენერალური პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების ორგანიზების შესახებ.

„განზრახვაა ის, რომ ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა და ის ველურობა, რასაც ადგილი ჰქონდა, რამენაირად გაამართლონ - რომ, თითქოს, რაღაც უბედურება აარიდეს ქვეყანას. ამით უნდათ თვალების დათხრის გამართლება.

მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ - რა ამბოხებაზეა ლაპარაკი, ჩემთვის გაუგებარია და არც მტკიცებულებებს ვიცნობ, რაც ამბოხებას დაადასტურებდა, არც მათგან მომისმენია ამის შესახებ...ეს არის მორიგი არაადეკვატურობის გამოვლინება...

ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ აქციაზე გამოსული ახალგაზრდები, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ გავრილოვის გამო, იყვნენ ამბოხებულები, ის ხელისუფლება გასულია მომსახურების ზონიდან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვერ მოახერხებს და უშედეგო იქნება თავისი პასუხისმგებლობიდან ყურადღების გადატანის აქტიური მცდელობები.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის გუნდს. მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ჯერ გავრილოვი მოიყვანეს და შემდეგ ამაზე ვინც პროტესტი გამოხატა, იმათ თვალები დათხარეს.

ახლა ცდილობენ, რომ ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა აირიდონ და აარიდონ გიორგი გახარიას. რომელიც ფორმალურად ხელმძღვანელობდა რუსთაველის გამზირზე გამოყვანილ დანაყოფებს. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, იქ ბრძანებებს ვინ იძლეოდა - რა როლი ჰქონდა ჩუბინიძეს და იყო თუ არა მასთან კავშირზე ვინმე კიდევ "ზემოდან“.

მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად და დამნაშავე პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციისკენ “, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

4 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG