Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ მასპინძლობს


დღეს, 11 ივლისს ბათუმში მუშაობას იწყებს კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“. წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ. მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი,ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნები, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.

ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია - „ღირებული თანამშრომლობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები” ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები შეაფასებენ “აღმოსავლეთ პარტნიორობას”, ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ იდეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის და იმსჯელებენ სამომავლო ნაბიჯებზე.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან ტარდება.

საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად ბათუმში ასევე გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი.

ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG