Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღე 22 - აქცია საქართველოს ისტორიას იცავს


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, აქციების 22-ე დღეს საქართველოს ისტორიას დაიცავენ. ისინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „ისტორიის გაკვეთილებს“ გააპროტესტებენ:

„იმ დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინი ისტორიის გადაწერას ცდილობს, ხოლო მთავრობა მის მიერ მოთხრობილ ფაქტობრივ ტყუილებს, ფაქტების ინტერპრეტაციასა და სუბიექტურ შეფასებას უწოდებს, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება თავს ვალდებულად ვთვლით, მოვყვეთ სიმართლე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

დღეს საქართველოს მოქალაქეები, ისტორიკოსები და ექსპერტები ისაუბრებენ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 200 წლიან ისტორიაზე.

თუ სახელისუფლებო შტოები თავად არ ზრუნავენ დაამსხვრიონ მტრის ნარატივი საქართველოს ისტორიის შესახებ, ამას სამოქალაქო საზოგადოება თავად გააკეთებს!

ჩვენ ვნახეთ, როგორ ცდილობს მთავრობა "გავრილოვის ღამის" შესახებ ფაქტების გაყალბებას - სახელისუფლებო ძალები და სამთავრობო პროპაგანდისტული მედია უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლიან დარბევას.

ამიტომ ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს“, - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 ივლისს, ვლადიმირ პუტინმა მას შემდეგ რაც უარი თქვა საქართველოს ახალი სანქციების დაწესებაზე, მან ამ უარის მიზეზად „ქართველი ხალხისადმი პატივისცემა“ დაასახელა და ჟურნალისტებს საქართველოს ისტორიის მისეული ვერსიაც უამბო - გაყალბებული თარიღებითა და ფაქტებით.

პუტინმა თქვა, რომ მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულებად შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში; შემდეგ ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის (არა საქართველოს) შემადგენლობაში; რუსეთის იმპერიის დაშლისას (პირველი მსოფლიო ომის შემდეგ) საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს, გერმანელების დახმარებით; ქართველი ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ და 1919-1920 წლებში ქართველებმა ოსების გენოციდიც მოაწყვეს; საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო; სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი; შემდეგ, საქართველომ ომი დაუწყო აფხაზებსა და ოსებს - რუსეთი კი იძულებული გახდა ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად ეღიარებინა.

ოცდამეორე დღეა, რუსთაველის გამზირზე იმართება ანტისაოკუპაციო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“, რომლის ერთადერთი მოთხოვნაცაა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება და ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

გიორგი გახარია ამ წუთებში TV პირველი ეთერში გადაცემა "რეაქციაში", ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "გახარია, წადი!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG