Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები.

პროკურატურის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი 2011 წელს სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

პროკურატურის ცნობით, ასევე ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში“

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით, ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“. ამ ინფორმაციას იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის თანახმად, დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული: „ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად“.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG