Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამკაცრებს ზომებს აშშ-ში იმიგრაციის შესაზღუდად


ვაშინგტონმა ორშაბათს გამოაცხადა ახალი ზომების შესახებ აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების გასაძნელებლად.

შედეგად, სავარაუდოდ, მკვეთრად იკლებს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში მიგრანტთა რიცხვი.

აშშ-ის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ გამოცემაში, ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებული წესებით, იმ პირთა უმრავლესობას, რომელიც აშშ-ში სამხრეთის საზღვრიდან გადავა იქ დარჩენის იმედით, მოუწევს თავშესაფარი სთხოვოს ჯერ სხვა ქვეყანას, კერძოდ, ერთ-ერთს, რომელიც აშშ-ში ჩასვლამდე გაიარა - იქნება ეს მექსიკა, ან ცენტრალური ამერიკის, თუ რომელიმე სხვა ქვეყანა. თავშესაფარზე იქ უარის მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნა.

შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კევინ მაკელინენის განცხადებით, ახალი ზომები შეერთებული შტატების „ადგილობრივ სისტემას“ შეუმსუბუქებს ტვირთს, რომელსაც იწვევს ის, რომ თავშესაფრის მაძიებლები „სასწრაფოდ დაცვას არ სთხოვენ პირველივე ქვეყანას“.

მაკელინენის თქმით, ეკონომიკური მიგრანტები სამშობლოდან არ გარბიან დევნა-შევიწროვების რეალურის შიშის გამო, ხოლო საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციები, ტრეფიკერები და კონტრაბანდისტები ბოროტად იყენებენ სარგებელთა ამერიკულ სისტემას.

ახალი ზომების კონტექსტია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის „მიგრანტთა დაცვის ოქმები“, რომელთაც ხშირად უწოდებენ „მექსიკაში დარჩენის“ პოლიტიკას. მის საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებლებისაგან მოითხოვენ მექსიკაში დაბრუნებას და იქ დარჩენას შეერთებულ შტატებში მათი საქმის განხილვამდე.

დემოკრატიული პარტიის წევრები მკაცრად აკრიტიკებენ ტრამპის პოლიტიკას იმიგრაციის საკითხში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG