Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას


„ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, ასეთი ფიზიკურად არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს მედიის მიერ შს მინისტრის პასუხისმგებლობის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.

„მაგრამ რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ანუ, ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება. ეს არის ის კონტექსტი, რა კონტექსტის განვითარებაც სურთ ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ობიექტურად გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების, გარკვეული პირების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის სიტყვებით, შს მინისტრი გიორგი გახარია ყოველთვის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მედიის შეკითხვებსაც უპასუხოს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი 20-21 ივნისს მომხდარი ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით.

მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას და მინდა ყველას შევახსენო, რომ საქმეს იძიებს სწორედ საქართველოს პროკურატურა და ამავე დროს მივესალმები სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობას ამ პროცესში. ჩვენთვის პირველ რიგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობდეს თუნდაც მცირე კითხვები გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გამოძიებას აქვს თითოეული დეტალი, ნიუანსი გამოსაძიებელი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შეკითხვები იქნება ყველა ადამიანთან. გიორგიმაც არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ის ამავე დროს, კარგია, რომ მედიასთანაც აქტიურად მუშაობს. იმიტომ რომ კითხვები, რომლებიც არსებობდა, ჩვენ ვიყავით მოწოდებული და მომზადებული ვართ, რომ გავცეთ მასზე კონკრეტული პასუხი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG