Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: „სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას“


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია 18 ივლისს გავრცელდა:

„დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ესე იგი ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას.

მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას. როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ერთ-ერთ ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" მიაკუთვნეს.

ქიბარ ხალვაშმა ცვლილებები სამაუწყებლო კომპანიის მფლობელობაში საჯარო რეესტრის მეშვეობით გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე დაარეგისტრირა, ჩაატარა პარტნიორთა კრება და შეცვალა არხის გენერალური დირექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG