Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იწყება წვრთნები ნატოელი სამხედროების მონაწილეობით


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა მრავალეროვნული სწავლების, Agile Spirit 2019-ის დაწყებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას 27 ივლისიდან უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება და მოიცავს როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს.

სწავლება პარალელურად გაიმართება სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე.

Agile Spirit 2019-ის მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.

22 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის დიდი პატივია ჩაერთოს სწავლებების ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ-ის ევროპული სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში ატარებს პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად.

“ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში“ - თქვა ლევან იზორიამ.

სამხედრო სწავლება 9 აგვისტოს დასრულდება. Agile Spirit-ი საქართველოში 2011 წლიდან ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG