Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტს სჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული


„საქართველოს პრეზიდენტს სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში არის და იქნება დაცული“, - ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომ არ აინტერესებს „რუსთავი 2”-ის საკითხი.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ვერ შევა, ვერც სამართლებრივი ნიუანსების და ვერც კომერციული დავის საკითხების გარჩევაში და ძირითადი საკითხი, რაზეც ზურაბიშვილი კომენტარს უნდა აკეთებდეს არის ის, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხს გამოეხმაურა, მე ვგულისხმობ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ უნდა იყოს არის და იქნება დაცული. მას სჯერა, რომ ასე იქნება მუდმივად. რაც შეეხება გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ეს არის საქართველოს მიმართ გამოტანილი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რითაც ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საკითხთან მიმართებაში საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა. სალომე ზურაბიშვილის აზრით, თუ ჩვენ გვსურს ევროპასთან მეტი სიახლოვე და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ევროპისკენ, ასევე ევროპული ღირებულებებისკენ. შესაბამისად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG