Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად აღსრულდა


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სპეკულაციას უწოდებს განცხადებებს, რომელიც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 18 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადებს.

მისი სიტყვებით აქამდე სტრასბურგის სასამართლოს ქონებრივ დავასთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი არასოდეს გამოუყენებია. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან მიმართებით ეს მექანიზმი სასამართლომ გამოიყენა იმის გამო, რომ არსებობდა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვას შეეხებოდა.

„როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო "რუსთავი 2"-ის სარჩელი გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მან მაშინათვე განმარტა კიდეც წერილობით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება ანუ შეჩერების მექანიზმი არის გაუქმებული. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერებული იყო ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კი გაუქმდა სტრასბურგის სასამართლოს შეჩერების მექანიზმი, მაშინათვე შესაძლებელი გახდა ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ქართულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქიბარ ხალვაში არის მესაკუთრე ამ კომპანიის“,- აცხადებს პაატა სალია.

მისი სიტყვებით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტროში მანამდე იმიტომ არ მიიტანეს, რომ სტრასბურგის სასაამართლოს შეჩერების მექანიზმი არსებობდა. როგორც კი მოიხსნა ეს ბარიერი, მიმართეს იუსტიციის სახლს განცხადებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა გააკეთა ის რაც ევალებოდა.

„თუ ვინმე პრეტენზია აქვს ამ რეგისტრაციასთან მიმართებით, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს თავისი პრეტენზიით და იდაოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვერ იქნება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“,- განაცხადა პაატა სალიამ.

მისი სიტყვებითსაფუძველი არ არსებობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხრიდან გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და ამით უპასუხა ტელეკომპანიის ერთ-ერთ ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ერთი მხრივ ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში, მეორე მხრივგენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც.

პაატა სალიას განცხადებით, მისთვის უცნობია, რა სტატუსით აპირებს იურისტი გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატისგან და იურისტისგან, როგორიც არის ჩვენი არხის ერთ-ერთი იურისტი, ეს ყველაფერი. იგი საუბრობდა, რომ აპირებს რაღაც გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მე არ ვიცი, რა სტატუსით შეეცდება ის ამის გაკეთებას და თუ ის თვლის, რომ აღარაა გუნდის ნაწილი და ამ კომპანიის თანამშრომელი, არჩევანი მისია. ეს კომპანია დღეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და მე არ ვთვლი, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მით უმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი უკვე აღარ არსებობს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა სტრასბურგის სასამართლოსგან მიღებული წერილი, რომელიც შეეხება „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საქმეზე მიღებული გააწყვეტილების ძალაში შესვლის ვადებს.

„დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, რუსთავი-2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.
წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეხუთე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტრსო მიერ გავრცელებულ ინორნაციას, რომელსაც თან ერთვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან მიღებული წერილის ასლი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში 19 ოქტომბრამდე შევა, თუ მას დიდ პალატაში მხარეები არ გაასაჩივრებენ.

ამ ჩანაწერზე დაყრდნობით "რუსთავი 2"-ის იურისტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 19 ოქტომბრამდე არ უნდა მომხდარიყო, ვიდრე არ ამოიწურებოდა კასაციის ვადა.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG