Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა ჩინეთის ყოფილი პრემიერი ლი პენი, რომელსაც ტიანანმენის რეპრესიებში ადანაშაულებდნენ


90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლი პენი, ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი პრემიერი, რომელსაც ადანაშაულებდნენ 1989 წელს, ტიანანმენის მოედანზე პროდემოკრატიული ძალების გამოსვლების სისხლიანი ჩახშობის ბრძანების გაცემაში.

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" 23 ივლისს იუწყება, რომ ლი, რომელსაც ზოგიერთი "პეკინის ყასაბს" უწოდებდა, წინა ღამით პეკინში გარდაიცვალა, დაუკონკრეტებელი დაავადების წარუმატებელი მკურნალობის შემდეგ.

ლი პრემიერის პოსტზე მუშაობდა გავლენიანი ლიდერის, დენ სიაოპინის პირობებში. მას ადანაშაულებენ იმ სისხლიანი რეპრესიების ბრძანების გაცემაში, რომლითაც დასრულდა პეკინის ცენტრში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 300-მდე ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა სამხედრო პირი და მხოლოდ 23 სტუდენტი.

მაგრამ უფლებადამცველები და თვითმხილველები თვლიან, რომ მოკლულთა რიცხვი შესაძლოა ათასებს აჭარბებდეს. ტიანანმენის სისხლიანი მოვლენები ჩინეთში კვლავაც ტაბუირებულია და მთავრობას მის შესახებ სრული ინფორმაცია არასოდეს წარმოუდგენია.

ტიანანმენის მოვლენების გარდა, ლის სახელი ბევრი ანალიტიკოსის მიერ დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივი პერიოდის დაწყებასთან - თუმცა ზრდისა, რომელიც ავტორიტარულ პოლიტიკურ კონტროლთან იყო შეზრდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG