Accessibility links

ახალი ამბები

აფხაზეთზე სიუჟეტი გერმანულ მაუწყებელზე დამახინჯებული ისტორიული ფაქტებით გავიდა

საქართველოს საელჩო გერმანიაში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასული სიუჟეტის გამო მაუწყებელს მიმართავს ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო. ამის შესახებ საელჩო განცხადებას ავრცელებს:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში – არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი“.

საქართველოს საელჩო გერმანიაში წერს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის ზომებს. ამასთან საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს სიფხიზლისა და ყურადღებისთვის, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიჩინეს.

სიუჟეტი, კი რომელიც გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა სათაურით „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“, შეეხება პაველ კაჟეიკინს, რომელიც ექსტრემულ სპორტს მისდევს და თოკით ეშვება მიტოვებული შენობებიდან და ხიდებიდან.

„ასეთები ბევრია ტყვარჩელში“,- ამბობს სიუჟეტის ავტორი და ტყვარჩელს მოიხსენიებს, როგორც „კვარჩალს“.

სიუჟეტის თანახმად, 90-იანი წლების დასაწყისში მრეწველობის განადგურებისა და საქართველოსა და დამოუკიდებლობის მისწრაფების მქონე აფხაზეთს შორის ომის გამო, ხალხა იქაურობა დატოვა. თუ მანამდე 40 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ტყვარჩელი ცარიელია.

„რუსეთი აფხაზეთის ერთადერთი მოკავშირეა. საქართველოს ნაწილად თავი, ვერც ერთ აფხაზს ვერ წარმოუდგენია. აფხაზეთის ლამაზი ბუნება საბჭოთა დიქტატორ სტალინსაც უყვარდა. მან რიწის ტბაზე აიშენა საზაფხულო რეზიდენცია და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აფხაზეთი საქართველოსთვის გადაეცა“. ნათქვამია სიუჟეტში.

სწორედ ამ პასაჟს აფასებს, ქართული მხარე ისტორიული ფაქტების დამახინჯებად და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელს რეაგირებას სთხოვს.

მაუწყებლისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ მოქალაქეებიც, შესაბამისი მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ 7-წუთიან სიუჟესტს გამოეხმაურა ასევე საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი. ,„პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას მან ააღნიშნა, რომ „ვართ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების რეჟიმში და გვმართებს, ვიყოთ აქტიურები - ისტორიული ფაქტების დამახინჯების ფაქტზე მივწერეთ რეპორტაჟის ავტორსაც და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რედაქციასაც“.

ქართული მხარე გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან რეაგირებას მოელის.

ყველა ახალი ამბავი

შოთაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე: ეს არ იყო პროკურორის ეთიკასთან შეუსაბამო

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას სრული უფლება ჰქონდა სოლოლაკის ბიზნესცენტრში შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს. დასმული შეკითხვების საპასუხოდ, ეს განცხადება შოთაძემ გააკეთა 17 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიმდინარეობდა მისი მოსმენა გენერალური პროკურორობის კანდიდატის რანგში.

„მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს აქვს სრული უფლება აწარმოოს კერძო შეხვედრები, როდესაც ეს შეხვედრები არ ეხება მის სამსახურეობრივ საქმიანობას, არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებთან, არ არის დაკავშირებული ბრალდებასთან. ეს არის გენერალური პროკურორის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები... ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს“.

შოთაძის განმარტებით, შეხვედრის დეტალებზე მან ვრცლად ილაპარაკა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე და საკითხის უფრო ღრმად განხილვას არ აპირებს. თუმცა, მისი თქმით, პროკურორის ეთიკასთან შეუსაბამოს ვერაფერს ხედავს იმ ფაქტში, რომელიც საზოგადოებამ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მონათხრობით შეიტყო.

„ამ შეხვედრაზე მოვხვდი შემთხვევით, მე ამ საუბრებში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, შეგიძლიათ იმ მხარეებსაც ჰკითხოთ, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. მე არ მახსოვს, ხაზარაძის სასარგებლო რა ვთქვი იქა, მაგრამ, მე როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ საუბარში. რაიმე რომ ყოფილიყო ისეთი ამ შეხვედრაზე, რომელიც მე მაფიქრებინებდა, რომ ეს შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს პროკურორის ეთიკასთან, მე ამ შეხვედრას დავტოვებდი...

მსგავსი არ ყოფილა. იყო მეგობრული შეხვედრა. შესაბამისად, მე ვერ დავინახე ვერაფერი ისეთი, რაც მე მაიძულებდა დამეტოვებინა შეხვედრა. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ მე არანაირი ქმედება არ ჩამიდენია - არც ვერბალური და არც არავერბალური. არავიზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია და საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა დისკუსიაში“, - განაცხადა შოთაძემ.

„ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შორის დავას სოლოლაკში, საკუთარ სახლში „პატარა სახელმწიფოს“ როლში მყოფი არჩევდა და ამ შეხვედრაში მონაწილეობდა იმხანად მოქმედი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე. ხაზარაძე ასევე ამბობს, რომ იმ შეხვედრაზე შოთაძემ მათთვის სასარგებლო შეფასება გაახმოვანა და ამით ამოიწურა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის 30 მილიონი დოლარის უკანონოდ გადახდის მოთხოვნა.

ხაზარაძის მიერ ამ ამბის გასაჯაროებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში და მათ შორის - იურისტებსა და უფლებადამცველებს შორის.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლით და ხშირი ძალადობა - ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯან. ცენტრი მოინახულა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლომჯარიამ დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს.

ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით:

  • არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები;
  • განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი;
  • თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან;
  • შენობაში დგას მძაფრი სპეციფიკური სუნი;
  • პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას;
  • სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს იყო უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ „უდიდესი კორუფციული ფაქტი“ უწოდა საქმეს, რომლისთვისაც დედაქალაქის ყოფილი მერი, ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. ამ თემაზე შოთაძემ ილაპარაკა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„როდესაც საუბარია 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, 14 მილიონი გაიფლანგა ხელფასებზე, ხოლო დანარჩენი - პარტიას მოხმარდა... ის 16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც, საბოლოო ჯამში, მოხმარდა ხსენებულ პარტიას, პარტიულ მიზნებს... და ის ფაქტი, რომ ვიღაცეებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა ეს 14 მილიონი, უბრალოდ იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი.

დანარჩენი თანხა გამოტანილ იქნა პირდაპირ ბანკიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ - ნაღდი ვალუტის სახით გამოტანილ იქნა „ლიბერთი ბანკიდან“ და დახარჯული იქნა პარტიული მიზნებისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო და არის, ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი, საქართველოს ისტორიაში რაც ყოფილა და რაზეც დღესდღეობით უკვე განაჩენია დამდგარი“, - განაცხადა შოთაძემ.

მან ჩამოთვალა ბრალდებები, რომელთა გამოც გიგი უგულავამ უკვე მოიხადა სასჯელი და ასევე ახსენა საქმე, რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. შოთაძის თქმით, ეს საქმე „სითი პარკს“ უკავშირდება და ამჟამად მისი არსებითი განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

„მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია 2 მილიონ ლარამდე (თანხაზე)“, - განაცხადა შოთაძემ.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზებზეც ილაპარაკა. შოთაძე ფიქრობს, რომ არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი არამიზნობრივად გახარჯული თანხების ბიუჯეტისთვის დასაბრუნებლად, ამ შემთხვევაში - გიგი უგულავას საქმესთან მიმართებითაც.

„ამისი შესაბამისი სამართლებრივი გზა არსებობს, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განხორციელდეს... იმ უწყებას, რომელსაც, შესაბამისად, დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი - და დღეს საკმაოდ ხმამაღლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს იყო დანაშაული, რადგან სამივე ინსტანციის განაჩენია უკვე დამდგარი... იმ უწყებას, რომლის საბიუჯეტო ასიგნებები არამიზნობრივად გაიხარჯა, უფლება აქვს სამოქალაქო წესით იდავოს იმ არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ თანხების არამიზნობრივი გახარჯვა და სამოქალაქო წესით, რეგრესის გზით მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, - განმარტა შოთაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 10 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დააპატიმრეს. ის დამნაშავედ ცნეს „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში. უზენაესმა სასამართლომ მას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. გიგი უგულავას დაპატიმტების მისამართით არაერთი შეკითხვა დაისვა საქართველოს ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. განცხადებებში ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე. „ქართული ოცნება“ ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

ახალციხეში აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

„სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“, „თავისუფლება მედიას“, - ახალციხეში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილე, რუსუდან გვარამაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლებას: „მედიასთან ომი წააგო ყველა ხელისუფლებამ, არც ამჯერად იქნება გამონაკლისი. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ აჭარელ კოლეგებს“.

სოლიდარობის აქციაზე მყოფმა თამუნა უჩიძემ თქვა: „ამ ადამიანებმა იციან დამოუკიდებლობის ფასი, იციან, როგორ კეთდება რეალური ჟურნალისტიკა და ემსახურებიან ხალხს და არა ხელისუფლებას. როცა ასეთი ადამიანების გათავისუფლება უნდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს. უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე“.

აჭარის ტელევიზიის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს 17 თებერვალს თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილმა ჟურნალისტებმა.

16 თებერვალს საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში.

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის ორგანიზებულ შეკრებას არ დაესწრება

საქართველოს საპატრიარქო მონაწილეობას არ მიიღებს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის მიერ დაგეგმილ კრებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს პატრიარქ ილია მეორის წერილს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობისგან. ამ შეხვედრაზე მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული პრობლემები უნდა განეხილათ.

შეხვედრაში, სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს მსოფლიო პატრიარქი.

„კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისათვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით, თქვენი წერილიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში, რომელსაც ანდრი ჯაღმაიძე ფეისბუკზე აქვეყნებს.

წერილის მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განპირობებულია იმით, რომ მას ყველა ეკლესია არ დაესწრება.

„ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთვის“, - ნათქვამია წერილში.

უფრო ადრე, „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნათქვამი იყო, რომ შეკრება მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის (არქონტონისი) ავტორიტეტის დაკნინებას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ ცნობას ემსახურება.

„ე.წ. იოარდანიის კრების გამართვა საეჭვოდ უკავშირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების გახშირებულ ვიზიტებს იერუსალიმის საპატრიარქოში“, ხოლო „საეკლესიო კანონიკის მიხედვით საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევის უფლება გააჩნია მხოლოდ კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) პატრიარქს და არა სხვა რომელიმე ეკლესიის მეთაურს“.

აქედან გამომდინარე, ასოციაცია დაუშვებლად მიიჩნევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილებას ამ შეკრებაში.

„სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს" - პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებისადმი სოლიდარობა კოლეგებმა გამოხატეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის დათხოვნა.

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის თქმით, პროცესები, რომელიც აჭარის ტელევიზიაში ვითარდება, არ არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება. ის ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვეა საუბრობენ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა, სარედაქციო საქმიანობას ჩამოაშორონ. „მიამიტური იქნება ფიქრი იმაზე, რომ ეს არ არის დაგეგმილი პროცესი“, - აღნიშნავს კუპრაშვილი.

ქარტიამ აქციაზე „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს", საზოგადოებას შეახსენა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა: „მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა, ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას. ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ტელევიზიის დირექტორი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის.

16 თებერვალს, საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში.

სოფელ ჩაის მეურნეობის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნეობაში, ორსართულიანი შენობა დაიწვა. მასში საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა და სოფლის ამბულატორია იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი საბავშვო ბაღის სხვენში გაჩნდა და შემდეგ მთელ შენობას მოედო.

შენობაში იმყოფებოდა 50-მდე სკოლის მოსწავლე, ბაღის რამდენიმე აღსაზრდელი და პედაგოგები. მათი ევაკუაცია უვნებლად განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 35 მეხანძრე-მაშველი.

ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სასკოლო ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიწვა შენობის 500 კვადრატული მეტრი ფართობი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ირაკლი შოთაძე: თითოეული დღე მიმართული იყო ადამიანის უფლებების დაცვისკენ

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას „მთელი რიგი“ წარმატებები ჰქონდა მთავარ პროკურორად მუშაობის პერიოდში. ან შინაარსის განცხადება ირაკლი შოთაძემ გააკეთა 17 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

„თითოეული ჩემი სამუშაო დღე მიმართული იყო პროკურატურის გაძლიერებისაკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვისაკენ, პროკურატურის თანამშრომლების ინტერესების უზრუნველყოფისაკენ... მთავარ პროკურორად მუშაობის პერიოდში აღნიშნული მიმართულებებით მქონდა მთელი რიგი წარმატებები“, - განაცხადა შოთაძემ.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამბობს, იმავე პოსტზე დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება მისთვის იოლი არ იყო.

„გენერალური პროკურორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება - ვიცი რა ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც გენერალურ პროკურორს აკისრია ქვეყნის, კანონის უზენაესობისა და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის განმავლობაში მე მეკავა აღნიშნული თანამდებობა, რომელიც ვადაზე ადრე საკუთარი გადაწყვეტილებით დავტოვე, საზოგადოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

მამუკა მდინარაძე ხოშტარია-ბოკუჩავას პერფორმანსზე: მე მრცხვენია მათ მაგივრად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების - ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას პროტესტს.

„ხომ გქონიათ ყველას მომენტი, როცა გრცხვენიათ სხვისი მოქმედების?! ეს მომენტი მქონდა მე მაგალითად. სახის დაკარგვის კონკრეტული მაგალითები ბევრი ვნახეთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო და გულწრფელად გეუბნებით, მე მრცხვენოდა სხვის მაგივრად და სხვები იყვნენ ის ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა. „უკომენტაროდ“ შეიძლება დაეწეროს ამ კადრებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენა ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებდნენ გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განხილვას და მას ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

შოთაძე ოპოზიციონერებზე: „მხოლოდ აღზრდა ადამიანს რა უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო“

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მისთვის არ იყო შეურაცხმყოფელი ოპოზიციონერი დეპუტატების საპროტესტო პერფორმანსი, რომელიც მათ 17 თებერვალს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამართეს.

საკითხის შეფასებისას ირაკლი შოთაძემ პოემა „გამზრდელიც“ გაიხსენა და ერთგვარი ინტერპრეტაციით მოიშველია აკაკი წერეთლის სიტყვები.

„თუ ისინი (ოპოზიციონერი დეპუტატები) ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით თვითონ, მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილნი... ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რა უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო - ნათქვამია და ჩემი ოპოზიციაც იმასთან, რაც თავში მოხდა, სწორედ ეს არის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენის პროცედურის დაწყებამდე, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ. მათ შოთაძეს „ბიძინა ივანიშვილის მონა“ უწოდეს და განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პროკურატურას პოლიტიკური დევნის იარაღად იყენებს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები დაარეგისტრირეს

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები დაარეგისტრირა.

დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას გამარჯვების შემთხვევაში „ვიცე-პრეზიდენტი“ გახდება არდა აშუბა, ასლან ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში, ბადრა გუნდა და ლეონიდ ძაპშბას გამარჯვების შემთხვევაში, ვიქტორ ხაშბა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს.

დე ფაქტო პრეზიდენტად 2019 წლის სექტემბერში არჩეული რაულ ხაჯიმბა 2020 წლის 12 იანვარს გადადგა, რასაც წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები.

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ესწრაფვის

დასავლეთ ბალკანეთის ლიდერების არაფორმალური სამიტი ბრიუსელში

ევროკავშირის ლიდერებმა 16 თებერვალს გამოთქვეს სურვილი, განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა და ამით შეინარჩუნონ ბლოკის მიმართ ნდობა იმ ფონზე, როდესაც ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწვერიანების საკითხი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესშია დასავლეთ ბალკანეთის მაქსიმალური დაახლოება ევროკავშირთან“, - განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, სადაც 16-17 თებერვალს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იმართება.

გასული წლის ოქტომბერში ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას აცნობეს, რომ სკოპიესა და ტირანას მიერ არსებითი რეფორმების განხორციელებამდე, გადაიდო ევროკავშირში ამ ქვეყნების გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. საკითხის გადადების ინიციატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

რათა თავიდან აეცილებინა იმედგაცრუება ბალკანეთის ქვეყნების მხრიდან, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა წევრობის მსურველი ქვეყნების მიერ მიღწეული კრიტერიუმების შეფასების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც, სტრუქტურული რეფორმებისა და მმართველობის გაუმჯობესების შემთხვევაში, გარკვეული დროის მონაკვეთში, საიმედო პერსპექტივა შეიქმნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ.

ირაკლი შოთაძეს "ივანიშვილის მონა" უწოდეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 17 თებერვალს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა იმართება.

„აი, ამის მონა ხართ თქვენ“, - მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს და მიუთითა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან ნიღაბზე.

„დღეს, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ძალით, ხელების გადაგრეხით, აი, ამ მონების დანიშვნას... გასაგებია, რომ ეს პარლამენტი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არ ეგონოთ, რომ რომელიმე ეს მონური აქტი დარჩება პროტესტის გარეშე... აი, ეს არის მათი სახე“, - უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

„ამისთვის უნდა სწორედ მონა შოთაძის დანიშვნა (ბიძინა ივანიშვილს), რომ პოლიტპატიმრებით მართოს ქვეყანა... მაგრამ რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ჰყავდეს ბიძინა ივანიშვილს, თქვენი ხელით, ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს და ვერ გაგვაჩუმებს... პოლიტპატიმრები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა, „გავრილოვის პატიმრები“... გასაგებია, რომ (ოთარ) ფარცხალაძის ხელით - ბოტასების ქურდის ხელით და თქვენი გამოყენებით აპირებს, რომ პოლიტიკური დევნის იარაღად აქციოს ისევ პროკურატურა... თუმცა მანამდეც იგივეს აკეთებდა... თქვენ მოგმართავთ - ივანიშვილის მონას, ბატონო შოთაძე...“ - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი შოთაძეს დეპუტატმა ბოკუჩავამ.

თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ... საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი...“ - ასეთი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის რეაქცია.

ხმაურის მიუხედავად, თავმჯდომარე სხდომის გაგრძელებას ცდილობდა და ყველას დაწყნარებისკენ მოუწოდებდა - „კოლეგებო, ჩვენ ვერ ავყვებით ასეთი უპასუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელს. ამიტომ ჩვენ გადავიდეთ საქმიან ფორმატზე...“.

საბოლოოდ, სხდომაზე რამდენიმე წუთით ტექნიკური შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ 17 თებერვალს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობენ.

შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

ოხანაშვილი: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების გაკოტრებული სახე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დესტრუქციაში დაადანაშაულა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მისი განცხადება მოჰყვა დეპუტატების, თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას აქცია-პერფორმანსს. ისინი კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ და შოთაძეს ივანიშვილის მონა უწოდეს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების გაკოტრებული სახე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე შეფასებით, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე ამ ძალებს პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს.

მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზი დატოვეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის მოსმენა გააგრძელა.

თალიბებმა ხუთი ავღანელი სამხედრო დახოცეს ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინის ფონზე

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, ხუთი ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ექსტრემისტების მხრიდან განხორციელებული იერიშის შედეგად.

„სამწუხაროდ, ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა მოწამებრივი სიკვდილით და სამი დაიჭრა“, - ნათქვამია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს 17 თებერვლის განცხადებაში.

თავდასხმა 16 თებერვალს მოხდა ყუნდუზის პროვინციის შორა ხაკის რაიონში.

პროვინციის პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ბრძოლაში, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დანაკარგი განიცადა ორივე მხარემ.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ექსტრემისტებმა დახოცეს 19 ავღანელი ჯარისკაცი, გაანადგურეს ოთხი ჯავშანმანქანა და ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით აღჭურვილობა.

ამ თავდასხმის ფონია ძალადობის შემცირება და ცეცხლის ერთი კვირით შეწყვეტა, რაზეც თალიბებმა ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს განაცხადეს თანხმობა. ავღანეთის და აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, ძალადობის შემცირება არის წინაპირობა სამშვიდობო შეთანხმებისა, რასაც აშშ-სა და თალიბებს შორის არა უგვიანეს 29 თებერვალს უნდა მოეწეროს ხელი.

თალიბების მხრიდან ძალადობის ერთი კვირით შემცირებას „ძალიან იმედისმომცემი“ უწოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა.

ამ თავდასხმის შემდეგ, გაურკვეველია, თუ როდიდან ამოქმედდება გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე.

გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაია

გარდაიცვალა კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია.

რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის იყო.

გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

1963 წელს გადაიღო პირველი ფილმი „ალავერდობა”, მწერალ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.

მას ეკუთვნის ასევე ფილმები „მაცი ხვიტია” და „ხარება და გოგია“, მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“

გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი - „მიდიოდა მატარებელი“.

რეჟოსორობის პარალელურად გიორგი შენგელაია მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებშიც. 2009 წლს 22 მარტს დააფუძნა პრორუსული „საქართველოს ვაზის პარტია“. პარტიის მიზანი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო.

გიორგი შენგელაია 2018 წლის აგვისტოში საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილე კანდიდატად დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფმა.

მაშინ გიორგი შენგელაია აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო გადაწყვიტა.

ოკუპირებული ცხინვალის აფთიაქებს ჩამოართვეს წამლები ქართული წარწერებით

ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქებში რეიდები ჩაატარა ქართული წარმოების წამლების აღმოსაჩენად.

სააგენტო „რესი“ დღეს, 17 თებერვალს დე ფაქტო სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა ორ აფთიაქში აღმოაჩინეს და ჩამოართვეს სამედიცინო პრეპარატები ქართული წარწერებით. ინფორმაციაში მითითებულია სულ მცირე ექვსი დასახელების პრეპარატი, მათ შორის - „კოლხური“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული წარმოების პროდუქციის, მათ შორის, სამედიცინო პრეპარატების გაყიდვა აკრძალულია დე ფაქტო მთავრობის სპეციალური დადგენილებით.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბევრი ცხინვალელი ადასტურებს, რომ ადგილობრივი ექიმები სწორედ ქართულ ბაზარზე არსებული სამედიცინო პრეპარატების ყიდვას ურჩევენ, რადგან „სამხრეთ ოსეთში“ ხარისხის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ოკუპირებულ რეგიონში მედიკამენტები ძირითადად რუსეთიდან შეაქვთ.

დონალდ ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის რეჟიმის მხარდაჭერა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რუსეთს კვლავ მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის რეჟიმის მხარდაჭერა, რათა ბოლო მოეღოს იმ ძალადობასა და „სისასტიკეს“, რასაც სირიის არმია სჩადის პროვინცია იდლიბში.

თეთრი სახლის თანახმად, 16 თებერვალს დონალდ ტრამპსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა იმ ფონზე, როდესაც ამ კვირაში მოლაპარაკების ახალი რაუნდი უნდა გაიმართოს თურქეთსა და რუსეთს შორის, რომლებსაც სირიის საკითხში განსხვავებული პოზიციები აქვთ. მოსკოვი მხარს უჭერს სირიის რეჟიმს, ხოლო თურქეთი - სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც იდლიბში არიან გამაგრებული.

რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ჯარებმა 16 თებერვალს მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს ალეპოს პროვინციაში და ხელთ იგდეს მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არსებული ბოლო დასახლებული პუნქტები.

თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს, რუსეთს მოუწოდებს, თვის ბოლომდე შეაჩეროს შეტევა იდლიბის პროვინციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა იმუქრება, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს სირიის არმიის წინააღმდეგ.

გაეროს ცნობებით, დეკემბრიდან მოყოლებული, ალეპოს პროვინცია ბრძოლების შედეგად მიატოვა და იძულებით ადგილნაცვლად იქცა 800 ათასი ადამიანი.

გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება, ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"ავტორიტარიზმის არჩევით, "ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ არის ეროვნული ერთობა, არც დასავლური გზა. ამის დამკვირვებელი ვერ ვიქნები. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად", - წერს გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე.

რუსეთმა დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსაც მოიცავს

რუსეთმა ტაქტიკური წვრთნები დაიწყო სამხრეთის სამხედრო ოლქში. სწავლებაში მონაწილეობენ რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელი შენაერთები და სამხედრო ნაწილები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

რუსული მედია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ წვრთნებში ჩართულია 1700-მდე სამხედრო, 300 ერთეული ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები. ტაქტიკური სწავლების დროს, ჯგუფებად დაყოფილი სამხედროები ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ, მეთაურებმა კი უნდა აჩვენონ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარი და გამოიყენონ თანამედროვე შეიარღებული კონფლიქტების გამოცდილება. სამხედრო წვრთნები 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გაგრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის მიზნით, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის დათხოვნა.

ქარტია საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა: „მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა. ამ რამდენიმე თვის
განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას. ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ტელევიზიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის.

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია 16 საათზე დაიწყება.

16 თებერვალს, საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში.

დიდ ბრიტანეთში ამ თვეში მეორე უძლიერესი შტორმია

დიდ ბრიტანეთს თავს დაატყდა შტორმი „დენისი“. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს.

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია უელსის სამხრეთში, შოტლანდიასა და ინგლისში. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ბრიტანული მედია ოთხი დაღუპულის შესახებ იუწყება.

შტორმის პიკს სამშაბათისთვის ელოდებიან. გაუქმებულია ორასზე მეტი ავიარეისი. ბევრ რაიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზაცია გამოცხადდა სამხედრო ქვედანაყოფებში.

დაახლოებით ორი კვირის წინ, დიდი ბრიტანეთი შტორმმა „კიარამ“ დააზარალა.

ჩინეთში შედარებით იკლო კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 17 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში შემცირებულია პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით COVID-19 ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი. 16 თებერვალს დაფიქსირებულია 105 ლეტალური შედეგი. წინა დღის, 15 თებერვლის მონაცემებით, ერთ დღეში გარდაცვლილი იყო 142 ადამიანი. კლების ტენდენცია უკვე მეოთხე დღეა შეინიშნება.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, 16 თებერვალს კორონავირუსით დაავადდა კიდევ 2048 ადამიანი, რაც 39-ით მეტია 15 თებერვლის მონაცემებზე.

საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსით დაავადდა 70548 ადამიანი და გარდაიცვალა 1770.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, საერთო ჯამში, 5 ლეტალური შედეგია ფილიპინებზე, იაპონიაში, ტაივანზე, საფრანგეთსა და ჰონ-კონგში. მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის საერთო ჯამში, 770-ზე მეტი შემთხვევა.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გენო პეტრიაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა ფინალში ანგარიშით 11:0 დაამარცხა პოლონელი რობერტ ბარანი და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა სამ მეტოქეს მოუგო: ესპანელ ხოსე კუბა ვასკესს (10:0), რუს ბალდან ციჟიპოვს (11:0) და უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (7:2).

გენო პეტრიაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე სულ ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, ორმოცდაათამდე ნაკრებს შორის. ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ქუთაისში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლიკვიდირებულია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებული არ არის, რა ფართობი დაიწვა.

ტანსაცმლის, პროდუქტის და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე 16 თებერვალს, ღამით გაჩენილ ხანძარს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირებით შეძლეს ხანძრის ლიკვიდირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG