Accessibility links

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ჩუსტები მიიტანა


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

დოლიძის თქმით, არასამუშაო საათებში გასაუბრებით შრომითი უფლებები ირღვევა და საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს გვიანობამდე მიმდინარე გასაუბრებებისას დისკომფორტი არ შეექმნათ.

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა კი დოლიძე და ჯანეზაშვილი „დავალების შესრულებასა და სასამართლოს დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულა.

საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირი, შუამდგომლობას წარუდგენს იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატი განსაზღვროს საბჭოს აპარატის თანამშრომლებისთვის და იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.

არასამუშაო საათებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ არერთხელ გააპროტესტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG