Accessibility links

ჩრდილოეთ კორეას კვლავ დაკავებული ჰყავს რუსული გემი და მისი ეკიპაჟი


ჩრდილოეთ კორეელი მესაზღვრე

რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა მოინახულეს ხომალდ „სიანხაილინ-8“-ის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში 17 ივლისის ღამეს დააკავეს. ეკიპაჟის ყველა წევრი ჯანმრთელია და რუსეთის საელჩო ყველა ზომას მიმართავს სიტუაციის მოსაწესრიგებლად, თუმცა, დიპმისიის განცხადებაში პროგნოზებზე არ არის საუბარი.

ჩრდილოეთკორეელი მესაზღვრეები რუსულ ხომალდზე 17 ივლისის ღამეს გადავიდნენ მას შემდეგ, რაც გემი ჩრდილოეთ კორეის სანაპიროდან 55 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობებით, „სიანხაილინ-8“-ი მიემართებოდა იაპონიის ზღვაში მდებარე სამხრეთ კორეის პორტისკენ კიბორჩხალების დასაჭერად. ინცინდენტის დროს გემბანზე იმყოფებოდა 15 რუსი მეზღვაური და 2 სამხრეთკორეელი სპეციალისტი.

ჩრდილოეთკორეელმა მესაზღვრეებმა გემზე გადასვლის დროს გათიშეს კავშირგაბმულობის ყველა საშუალება, ხოლო გემი გადაიყვანეს ვონსანის პორტში.

დაკითხვის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო უწყებამ გაათავისუფლა მხოლოდ გემის კაპიტანი. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი გადაიყვანეს სასტუმროში და დაცვა მიუჩინეს. რუსეთის თევზჭერის კომპანია, რომელსაც „სიანხაილინ-8“ეკუთვნის, გემის დაკავების მიზეზად დაასახელა სამხედრო დაცვის ქვეშ არსებული ზონის შესაძლო გადაკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG