Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე გამორიცხავს ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის კავშირს პოლიტიკასთან


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს, რომ პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას რაიმე კავშირი აქვს მამუკა ხაზარაძის ამასწინანდელ განცხადებასთან, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აპირებს.

პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტია, რომ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, გამოძიება კი, თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.

უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე. შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას. მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით. პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

24 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძემ 9 ივლისს გამოაცხადა, რომ სექტემბერში აპირებს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG