Accessibility links

გიორგი კანდელაკი: "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო


გიორგი კანდელაკი

საქართველოს პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებულად ცნობა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიცაა.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ და მას შემდეგ, რაც თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, ის არის ბოლომდე გაკოტრებული და ამ ნაბიჯით ებღაუჭება ხელისუფლებას. ამავე დროს, ბრალის წარდგენა არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც მთავრობის მხრიდან, მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებისა, რომელიც ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად გააკეთა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა.

მისივე შეფასებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო.

„საქმე ეხება 12 წლის მომხდარ რაღაც ამბავს, სადაც არ არსებობს დაზარალებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, როგორც პარლამენტში, ასევე ყველა ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, რათა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას” - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

24 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს არიან დაბარებული მათთვის ბრალდების დადგენილების წარსადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG