Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების დასრულებამდე „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელები თანამდებობებს ტოვებენ


ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი“ ბანკის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ მანამდე, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა „თიბისი“ ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა. ინტერპრესნიუსის თანახმად, ხაზარაძე წერს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. თავის წერილში ხაზარაძე იტყობინება, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ... იქიდან გამომდინარე, განაგრძობს ხაზარაძე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები... ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამდე, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. ჩვენ გვჯერა, რომ ინსტიტუტი რომელსაც 27წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას.
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!“, - წერს ხაზარაძე.

"თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმთავითვე ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებდნენ.

2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი" ბანკის თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით

ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG