Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის განთავსების აკრძალვას ეხმაურება


მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლის აკრძალვის გამო "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) თბილისის მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და განმარტებას ითხოვს.

„როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილს 2018 წლის ოქტომბრის თვეშიცსაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეუზღუდეს პარლამენტის წინ კარვის დადგმის შესაძლებლობა, თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის სასამართლო დავისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მას ეს შესაძლებლობა მიეცა და 2019 წლის 20 ივნისამდე პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფებოდა.

EMC მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის დადგმის უალტერნატივო აკრძალვა შეკრების თავისუფლების ხელყოფას წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას. მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის დადგმას არ გეგმავს გზის სავალ ნაწილზე, შესაბამისად გაუგებარია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რეალური ალტერნატივის შეთავაზების გარეშე რატომ უზღუდავენ მას პარლამენტის ტერიტორიაზე კარვის განთავსებას“,- წერს EMC განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის დადგმის აკრძალავა მშვიდობიანი შეკრების კონტროლის მცდელობას წარმოადგენს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიას, უზრუნველყონ კანონმდებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განუხრელი დაცვა.

საჭიროების შემთხვევაში EMC უზრნველყოფს ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში.

მისცემენ თუ არა სამართალდამცავები მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლებას, ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას შსს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

25 ივლისს, სამართალდამცავებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს და ამის მიზეზად, ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს.

თუმცა, როგორც მოგვიანებით დედაქალაქის ვიცე-მერმა განმარტა, მუნიციპალიტეტი არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ არ გეგმავს და მისთვის უცნობია, რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს კანონით მინიჭებულ უფლებაზე უარი.

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს შსს-ს პრეს-სამსახურში, სამართალდამცავებს მალხაზ მაჩალიკაშვილთან საუბრისას არ უხსენებიათ სიტყვა „რეაბილიტაცია“ და ისინი გულისხმობდნენ „კოსმეტიკურ სამუშაოებს“, თუმცა, რადიო თავისუფლების ფეისბუკ-ლაივში ერთ-ერთი სამართალდამცავი ჟურნალისტებთან ინტერვიუში ნათლად ამბობს, რომ „მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, რის გამოც მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ვერ განათავსებს კარავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG