Accessibility links

დიდი ბრიტანეთის საელჩო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს


დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის გარშემო და აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს.

საელჩო ხაზს უსვამს, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის.

„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG