Accessibility links

site logo site logo

ხაზარაძე და ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე საქართველოს ვერ დატოვებენ


სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე, საქართველოს დატოვება აეკრძალათ.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ეს ნიშნავს ბიზნესმენებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობას: "ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და დაველოდებით მომდევნო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ გადავდივართ იმ რეჟიმში, როდესაც ჩვენ უპირობოდ დავადასტურებთ ჩვენ სიმართლეს, რადგან დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პროკურატურას არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ფულის გათეთრების ან რაიმე ტიპის დანაშაულს აქვს ადგილი".

ამასთან, "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმთავითვე ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებდნენ.

2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით

ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

მომდევნო სხდომა 12 სექტემბერს დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG