Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 ივლისს „ბეგის“ დამძინებლის მხარდასაჭერად პრესკონფერენცია გაიმართება და პეტიცია გავრცელდება


20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მკვლევრის ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად, 27 ივლისს, 12 საათზე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრში, პრეს-კონფერენცია გაიმართება.

ამის შესახებ პარლამენტის წინ, გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა ლევან ბუთხუზმა, ლევან ბეჟაშვილის კოლეგამ და ტელე-წამყვანმა.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ კოლეგის მხარდასაჭერად პეტიციასაც გაავრცელებს:

„გვექნება ორი პეტიცია. რათა მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა ბეჟანი დაახასიათონ როგორც უწესიერესი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკასთან არ აქვს არანაირი საქმე. უბრალოდ, ის აღშფოთდა იმის გამო, რომ პარლამენტში გავრილოვი დაგვისვეს. ტელევიზიით ნახა კადრები, სადაც ჩანდა, როგორ გაუსწორდნენ მის მეგობარს სპეც-რაზმის წარმომადგენლები და წავიდა მის გადასარჩენად. ბეჟანი ჩვენი მეგობარი, ის არის ძალიან აქტიური ადამიანი თავის პროფესიულ წრეში, მას ბევრი ადამიანი იცნობს თუნდაც ბეჰემოთი "ბეგის" გამო, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც არ არიან ასეთი ცნობადები და დღეს დაკავებულები არიან იმავე მუხლით, რა მუხლითაც დაკავებულია ბეჟანი? ჩვენ გვინდა, რომ ბეჟანი იყოს სიმბოლო, რომ ყველა ამ ადამიანს დავუდგეთ გვერდში“, - ამბობს ლევან ბუთხუზი.

მკვლევარი, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას, ზოოპარკიდან გამოქცეული „ბეგი“ დააძინა, შსს-მ 25 ივლისს დააკავა. შსს ცნობით, 20-21 ივნისის ღამეს ის „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“.

ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართება. მის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის გამო, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG