Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი "პატრიოტთა ალიანსს" რჩევას აძლევს


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში თბილისთან პირდაპირი დიალოგის მთავარ წინაპირობად ასახელებენ უარს საომარ რიტორიკაზე.

რუსულმა სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ლევონ გალუსტიანს ჰკითხა აზრი საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 28 ივლისს, ბათუმში გამართული მიტინგის შესახებ, რომელზეც მოითხოვეს, რომ საქართველომ უარი თქვას სამხედრო ბლოკების წევრობაზე, რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს და პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან.

„თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგი სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს წინაპირობები. მათ შორის საომარ რიტორიკაზე უარის თქმა და სურვილი, რომ ურთიერთობები შეიცვალოს არა სიტყვით, არამედ საქმით“ - განაცხადა ლევონ გალუსტიანმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ომის შემდგომი მოვლენები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში, აფხაზი ხალხის დამონება სურს.

გალუსტიანის შეფასებითვე, შემრიგებლურ განცხადებებს, რომლებიც ბოლო დროა თბილისიდან ისმის, არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარე უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერაზე.

დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“ შეუძლია მიტინგები გამართოს ძალის არგამოყენების შეთანხმების მიღების და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების იდეის მხარდასაჭერად.

საქართველოს უკვე დიდი ხანია ცალმხრივად აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება და არაერთი წელია ჟენევის დისკუსიებზე იმავეს მოითხოვს რუსეთისგანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG