Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება "რუსთავი 2"-ის ყოფილი და ამჟამინდელი მფლობელების შეხვედრა


დღეს იგეგმება „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შეხვედრა ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან და ყოფილ მფლობელებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს შეხვედრა კამერების წინ, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდეს.

„შეხვდებიან, განიხილავენ საკითხებს, რაზეც საუბარს აპირებენ. ერთმანეთს მოუსმენენ“ - განაცხადა პაატა სალიამ.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული "რუსთავი 2."

რამდენიმე წლის წინ ხალვაში აცხადებდა, რომ სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში, დვალს და აქიმიძეს გადასცემდა "რუსთავი 2"-ის 50%-იან წილს და დავით დვალს ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნავდა.

მფლობელობაში "რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა გენერალურ დირექტორად თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

24 ივლისს ხალვაშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაფერი დავიწყებია.

"მზად ვარ, ამ ადამიანებთან გავაგრძელო საუბარი და მაქსიმუმი გავაკეთო, რისი გაკეთებაც შემიძლია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ორი-ორნახევარი წლის წინ, იმის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა, თუმცა მე არ დამვიწყებია არაფერი. აუცილებლად შევასრულებ ჩემს სიტყვას. არც არავინ დამიჩაგრავს, როგორც ამბობენ, და არც ვაპირებ დაჩაგვრას" - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG