Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი დახმარებას ითხოვს


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ადვოკატი დაიქირავოს ადგილობრივ პროკურატურასთან სასამართლო დავის გასაგრძელებლად.

„გთხოვთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის სამართლიანობისთვის ბრძოლა და სამართლიანი სასამართლო, გამიწიოთ მატერიალური დახმარება. ვისაც დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, ეს პოსტი გააზიარეთ, ესეც მხარდაჭერაა. მადლობა“ - წერს ფეისბუკზე თამარ მეარაყიშვილი.

2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს მოუხსნა ყველა ბრალდება და შეზღუდვა თავისუფლად გადაადგილებაზე.

ეს გადაწყვეტილება ე.წ-მა პროკურატურამ გაასაჩივრა ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში. თუ ეს ინსტანცია ახალგორელი მოსამართლის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, ე.წ. პროკურატურას შეუძლია დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ იზოლაციაში. სამოქალაქო აქტივისტს ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა. ამ მიზეზით, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ვერ ახერხებს მაგალითად, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას და ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობლებთან. შეზღუდული აქვს შემოსავლის მიღების წყაროებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG