Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულთა ნაწილს პატიმრობა შეეფარდა


მოსკოვში დღეს გაგრძელდება სასამართლო სხდომები 27 ივლისს გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა საქმეებზე.

განხილვის პირველ დღეს, 29 ივლისს მოსამართლეებმა სხვადასხვა ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 40 პირს.

30 დღით დააპატიმრეს ინტერნეტარხის „ნავალნი Live“-ს წამყვანი ვლადიმირ მილოვი, რომელიც 27 ივლისს, პირდაპირი ეთერის დროს დააკავეს.

სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორს, ივან ჟდანოვს. დანარჩენ დაკავებულებს სამიდან ცამეტ დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

პატიმრობაში 10 დღეს გაატარებს მოსკოვის კრასნოსელსკის ოლქის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ილია იაშინი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევაში. 7 დღიანი პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ მუნიციპალურ დეპუტატს, კონსტანტინ იანკაუსკასს.

სასამართლომ საერთო ჯამში მილიონ რუბლზე მეტით დააჯარიმა აქციის დროს დაკავებული კიდევ 79 ადამიანი. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 27 ივლისის აქციის შემდეგ სასამართლოს წარედგინა ორასზე მეტი ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ.

27 ივლისს მოსკოვში გაიმართა მერიის მიერ არასანქცირებული აქციები. მშვიდობიანი დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ დააკავა 1300-ზე მეტი ადამიანი. 70-ზე მეტმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG