Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბატიაშვილი: „ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო ინფრასტრუქტურა აუცილებლად გვექნება“


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომსა და ბაკურიანში ჩატარება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წარმატება იქნება და სახელმწიფო ამ იდეის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ყველამ ვიცით, რომ ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის სამასპინძლოდ სათანადო ინფრასტრუქტურა საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ, რადგან სურვილი გამოვთქვით, მაშასადამე მზად ვართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. საქართველოს აუცილებლად ექნება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, არენები და საშეჯიბრო ტრასები“, – უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ ბატიაშვილმა.

ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ უკვე ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დღეს აღმასკომის საგანგებო სხდომაზე გაახმაურა ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება. ხაბელოვისვე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, საქართველოს გარდა რომელი ქვეყნები გამოთქვამენ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG