Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარჯი აქიმიძე: "რუსთავი 2"-ის 40%-ზე არ ვართ თანახმა


ჩვენ არა ვართ თანახმა 40%-იან წილზე - უთხრა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ 30 ივლისს გამართული სხდომის შემდეგ.

30 ივლისს „რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს შეხვდნენ. ხალვაშმა მათ „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა.

„მოგვეცით საშუალება და უფლება, რომ თუნდაც ერთი დღით მაინც დავფიქრდეთ, რათა ჩამოვაყალიბოთ, რატომ არა ვართ თანახმა ჩვენ ამ ყველაფერზე. ჩვენ 40%-ზე არა ვართ თანახმა... ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არა ვართ ამ ყველაფერზე თანახმა, რა არის ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები, რაზე ვფიქრობთ ჩვენ და რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, ეს ყველაფერი გამოჩნდება“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

აქიმიძის თქმით, 40%-იან წილზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ამ მოცემულობით ყოფილი დამფუძნებლები „გადაწყვეტილების მიმღები“ არ იქნებიან.

ჯარჯი აქიმიძე ასევე ამბობს, რომ ყოფილ დამფუძნებლებს ქიბარ ხალვაშის მისამართით არანაირი საპასუხო შეთავაზება არ ჰქონიათ. თუმცა თავად ქიბარ ხალვაშმა ასევე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მათგან გარკვეული საპასუხო წინადადება მიიღო, რაც დაფიქრებას მოითხოვს.

ჯერჯერობით არ სახელდება პირობები, რომლებიც მისაღები იქნება ყოფილი დამფუძნებლებისთვის. ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ აქიმიძე აზუსტებს მხოლოდ იმას, რომ 60%-ზე მეტის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„60%-ს ვერანაირად ვერ ავცდებით იმიტომ, რომ ჩვენი იყო 60%... მაგრამ შეხვედრაზე არ გვილაპარაკია არანაირ 60%-ზე... ჩვენი მხრიდან პროცენტებზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გაახმოვანა დაპირება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და ამასთან, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%-საც დაუთმობდა.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული "რუსთავი 2".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG