Accessibility links

მუშა, რომელიც ზუგდიდში ნაშალი მიწის ქვეშ მოყვა, გარდაცვლილი ამოიყვანეს


უბედური შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე 30 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა.

მუშა, რომელიც ჭის ამოწმენდისას ნაშალი მიწის ქვეშ მოყვა, მაშველებმა რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს.

13 საათზე მეტი დასჭირდა მაშველებს 10 მეტრის სიღრმის ჭიდან 72 წლის მუშის, ინდიკო ჯომიდავას ცხედრის ამოსატანად. ჭის სივიწროვის გამო გართულდა ნაშალი მასის ამოტანა.

ინდიკო ჯომიდავა ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ცხოვრობდა. 30 ივლისს ჭის ამოწმენდის სამუშაოებს სამი მუშა აწარმოებდა, მათ შორის, ერთი გარდაცვლილის შვილია.

სამაშველო ოპერაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები შემთხვევის ადგილზე ადევნებდნენ თვალს.

უბედური შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე 30 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. მუშების ინფორმაციით, უშუალოდ ჭის სიღრმეში ამოწმენდის სამუშაოებს ინდიკო ჯომიდავა ატარებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ჭის ზღუდე მიწასთან ერთად ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

გარდაცვლილის ნათესავის, ჯონი ჯომიდავას თქმით, ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში გადაასვენეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG