Accessibility links

ვაშინგტონი და სტოკჰოლმი რეპერის პროცესის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს


შვედეთში ამერიკელი რეპერის, A$AP Rocky-ს სასამართლო პროცესი დაიწყო. პროცესს სასამართლო დარბაზიდან უჩვეულო დამკვირვებელი ადევნებს თვალს - რობერტ ობრაიენი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მძევალთა საკითხებში.

„პრეზიდენტმა მთხოვა, რომ ჩამოვსულიყავი და მხარი დამეჭირა ამერიკის ამ მოქალაქეებისათვის“ - უთხრა ობრაინმა ჟურნალისტებს - „აქ ვიქნები, ვიდრე ისინი სახლში არ დაბრუნდებიან“.

ამბავი, რომელმაც აშშ-სა და შვედეთს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია ერთი თვის წინათ, სტოკჰოლმში მოხდა. რეპერმა A$AP Rocky-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა ქუჩაში ფიზიკურად იძალადეს 19 წლის მუსტაფა ჯაფარიზე. ახლა სასამართლო განიხილავს, რამდენად გამართლებული იყო ეს ძალადობა. ჯაფარი ამბობს, რომ მან შეკითხვით მიმართა რეპერის დაცვას, რის შემდეგაც ის ძირს დაანარცხეს და გადამტვრეული ბოთლით დაჭრეს. ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ ჯაფარიმ მათ პროვოკაცია მოუწყო და რომ ბოთლი გაწევ-გამოწევისას, შემთხვევით გატყდა.

საქმემ მალევე მიიქცია აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღება. დაკავებული რეპერის დახმარებისთვის დონალდ ტრამპს შუამდგომლობით კანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა მიმართეს.

ტრამპმა A$AP Rocky-ის დაკავებას „ტვიტერზე“ რამდენიმე პოსტი მიუძღვნა და დაწერა, რომ „ძალიან იმედგაცრუებული იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრის უმოქმედობით“. სხვა „ტვიტში“ კი აღნიშნა, რომ ამერიკა ბევრს აკეთებს შვედეთისთვის, საპასუხოდ კი იმავეს ვერ იღებს.

ამ „ტვიტის“ გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპს ამ საქმესთან დაკავშირებით თავად შვედეთის პრემიერი, სტეფან ლევენი ელაპარაკა და, თავად შვედეთის ლიდერის ცნობით, აუხსნა პრეზიდენტს, რომ „შვედეთში კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მთავრობა არ და ვერ მოახდენს გავლენას სასამართლო საქმეებზე“.

დონალდ ტრამპს შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, ექს-პრემიერი კარლ ბილდტიც გამოეხმაურა. მან ჯერ „ტვიტერზე“ დაწერა: „პოლიტიკური ჩარევა სასამართლო პროცესში ცალსახად აკრძალულია! გასაგებია?“

შემდეგ კი ბილდტმა Washington Post-ში გამოაქვეყნა მოსაზრება, რომლის შინაარსს კარგად ასახავს მისი სათაური - „მე შვედეთის პრემიერ-მინისტრი ვიყავი და არა, ბატონო ტრამპ, A$AP Rocky-ს ვერც მე გავათავისუფლებდი“.

სასამართლო პროცესი ხუთშაბათს განახლდება. იურისტების ვარაუდით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ჩხუბისას შუშის ბოთლი გამოიყენეს, რეპერს სულ მცირე ერთწლიან პატიმრობას მიუსჯიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG