Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მუშაობს „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორ კომპანიებში


პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე საათია მუშაობენ „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორ კომპანია „ინტერმედიაში“. საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლის, ბექა კვიციანის თქმით, პროცესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო და ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

„დოკუმენტაცია იქნა ამოღებული სრული - საფინანსო, საბუღალტრო, იურიდიული დოკუმენტაცია საწარმოში“, - განაცხადა კვიციანმა. სასამართლოს განჩინება შეეხება ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვასაც.

გამომძიებელ ბექა კვიციანის თქმით, გენერალური პროკურატურის მიერ „გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მიერ შესაძლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზეა დაბარებული „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მას უწყება 1 აგვისტოს მიუტანეს. გვარამიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და მოითხოვა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

„ხვალ, 2 აგვისტოს, 11 საათზე დავიკითხები მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გამოკითხვა იგეგმება იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ,“სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეს შეეხება.

1 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკვე არსებობს სასამართლოს განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის - „ინტერ მედიიდან“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, იმ ხანად კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 16 ივლისს შეიტანა.

XS
SM
MD
LG