Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა


ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლის წინ.

რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან... იმიტომ, რომ ლაპარაკია 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც, როგორც იცით, ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე... რაც მახსოვს, ყველაფერს ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არა მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და, შემიძლია, რომ კვალი არ დავტოვო... თან ძალიან კარგი იურისტი ვარ, შეგახსენებთ და მით უმეტეს - უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს არ ვტოვებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია მიმდინარე პროცესს ბიძინა ივანიშვილის „პირად დაკვეთად“ აფასებს და მოელის, რომ დააკავებენ. ის ამბობს, რომ ოლიგარქი ებრძვის ახალი ტელევიზიის გახსნასა და ასევე, ცდილობს გაამართლოს „რუსთავი 2“-ის გაკოტრება.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქართველოში არის ოლიგარქია - ეს საკითხი გაცნობიერებულია არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ - ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერაც. მოგეხსენებათ, რომ გუშინ მთელი დღე მათთან ვსაუბრობდი... ეს ემსახურება იმას, რომ, პირველი - მე ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ; და მეორე, რომ - გააკოტრონ „რუსთავი 2“, რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლოს შენობაში შესვლის წინ.

გვარამიამ თავად მოითხოვა, რომ მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მომხდარიყო და პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.

გენერალური პროკურატურის მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაიბარეს იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეს შეეხება.

პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურამ მოიპოვა სასამართლოს განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის - „ინტერ მედიიდან“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიმართვის საფუძველზე. ნიჟარაძის ადვოკატმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 16 ივლისს შეიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG