Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია სასამართლოში: გამოკითხვა ნორმალურად მიმდინარეობს


გამოკითხვა ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს, მაგრამ ჩემი დაკავების საკითხი აქ მყოფ პროკურორებზე და მოსამართლეებზე არ არის დამოკიდებული, - ამ შინაარსის კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოცხადებული შესვენების დროს.

„პროკურორებზე და მოსამართლეებზე შთაბეჭდილება აბსოლუტურად ნორმალური და ადამიანური დამრჩა... დამაკავებენ თუ არა, ეს არ არის მათზე დამოკიდებული, დამიჯერეთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, შეკითხვები ძირითადად კომპანიის საქმიანობის ფინანსურ მხარეს შეეხება და ძირითადად არ არის მისი კომპეტენციის ფარგლებში. გვარამია ამბობს, რომ დასმულ შეკითხვებს ის შეძლებისდაგვარად პასუხობს.

„მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია, რაც მახსოვს, რა თქმა უნდა. შეკითხვები იყო ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად არ შეეხება ჩემს კომპეტენციას და არის ღრმად ფინანსური... ამიტომ რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა, განვმარტე, ხოლო რაც არ ვიცი და არ მახსოვს, იმაზე ვუთხარი, რომ არ ვიცი და არ მახსოვს... საქმე არის სრულიად აბსურდული. აქ დავა რომც იყოს, სისხლის სამართლებრივი კუთხით ამაზე დავა, სრული აბსურდია“, - უთხრა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს.

შესვენების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვა კვლავ გაგრძელდა.

გვარამიამ თავად მოითხოვა, რომ მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მომხდარიყო და პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.

გენერალური პროკურატურის მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაიბარეს იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეს შეეხება.

პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურამ მოიპოვა სასამართლოს განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის - „ინტერ მედიიდან“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიმართვის საფუძველზე. ნიჟარაძის ადვოკატმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 16 ივლისს შეიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG