Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: რუსეთთან დამაკავშირებელი ავიარეისები ქართველების გამო დაფინანსდა


რუსეთსა და საქართველო შორის სატრანზიტო ავიარეისების 600 000-ევროიანი სტიმულირება რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად გადაწყდა და არა ტურიზმის მხარდასაჭერად, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

„ყველაზე ნაკლები იყო სწორედ ტურისტული კომპონენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ყველაზე ნაკლები. ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

იცით, რომ ბევრი ქართველი, საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში, ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს, დაბრუნდეს საქართველოში და ზაფხული გაატაროს თავის ოჯახთან: შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა მამიდაშვილი და ასე შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, ჩვენ გვერდში დავუდგეთ, მით უმეტეს როდესაც ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველებს?! რა თქმა უნდა, ვართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, ნათელია, რომ 600 ათასი ევრო არ იქნებოდა საკმარისი ტურიზმის კუთხით საქართველოში დღეს არსებული პრობლემების დასაძლევად და, მისი თქმით, სრულიად უსაფუძვლოა ოპოზიციის კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ნებისმიერ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, რომ მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფის შედეგია ეს ყველაფერი", - განაცხადა ბახტაძემ.

ერევნის გავლით სატრანზიტო ავიარეისების 600 ათასი ევროს ოდენობით დაფინანსების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის.

პუტინის გადაწყვეტილება მალევე მოჰყვა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

მთავრობის სტიმულირების პროგრამა მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციურმა სპექტრმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ეს უაზრო ხარჯია და ხელს ვერ შეუწყობს ტურისტების საქართველოსკენ მოზიდვას; ხოლო თუკი ფული მაინც დაიხარჯება, სჯობს, რომ მთავრობამ ცოტა ფულის მხარჯველ რუს ტურისტებზე მეტად, უფრო მაღალბიუჯეტიანი ევროპელი ტურისტების მოზიდვაზე იზრუნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG