რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან „საზღვარს“ კეტავს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „ქართული აგრესიის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 20 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების მუშაობა.“
ე.წ. გამშვები პუნქტი 9 აგვისტოს, დილის 6 საათიდან გაიხსნება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს. დე ფაქტო ხელისუფლება ამ პუნქტს უწოდებს "საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ადგილს.“
დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რესის“ ცნობით, 2008 წლის ომიდან მე-11 წლისთავი 7 და 8 აგვისტოს აღინიშნება ხსოვნის აქციებით. ერთ-ერთი მათგანის სახელწოდებაა „მე ვადანაშაულებ ფაშიზმს.“