Accessibility links

დავით ზალკალიანი: საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული შესაბამისი შფასებები სულ იყო საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებზე.

ზალკალიანის განცხადებით, როგორც არასდროს, დღეს საქართველო არის ძალიან წინა პოზიციებზე საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რაც არც ისე ადვილია, რადგან მისი თქმით, „დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგი დახუნძლულია ძალიან მწვავე, ცხელი პრობლემებითა და მიმდინარე კონფლიქტებით“:

„ჩვენ ახალ ფორმატებსაც ვიყენებთ, ვცდილობთ, გავაჩინოთ ახალი ფორმატები, იგივე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი სამჯერ იყო განხილული. ჩვენ გამოიყენეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალი ფორმატი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსი, სადაც სამჯერ იყო მიღებული რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ასევე დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით რეზოლუცია, რომელიც მუდმივად, ყოველწლიურად გადის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, წელს ჩვენ ახალი დატვირთვა შევძინეთ, როდესაც გავხსენით ეს რეზოლუცია თანასპონსორობისთვის და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ქვეყნების მხარდაჭერა მივიღეთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ძალიან აქტიურად მიმდინარეობის ორმხრივი ფორმატების გამოყენება, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

„საქართველოს კონგრესის რეზოლუციებში უკვე საკანონმდებლო დონეზე ჩნდება ტერმინი – ოკუპაცია. ასევე გარკვეული დებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქცირებული იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობის დამყარებას. აშშ-ის კონგრესში მოხდა უპრეცენდენტო საკანონმდებლო აქტის ინიცირება, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც ძალიან მკაფიო გზავნილები არის გაკეთებული ოკუპაციაზე. აქტიურად ვმუშაობთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე. გარდა ამისა, კიდევ ახალი შესაძლებლობა გავაჩინეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების ფარგლებში, სადაც იქ მიღებულ გადაწყვეტილებებში რუსეთის ფედერაცია აღიარებულია, როგორც მხარე. ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს თემატიკა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის პრიორიტეტული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG