Accessibility links

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები


რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მე -11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში".

განცხადება მიუთითებს, რომ კვლავაც ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.

განცხადებაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ საქართველოში მომხდარმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება და ცხოვრებისეული ტრავმა გამოიწვია. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს.

1990-იანი წლებიდან ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობდა. ეს ძალისხმევა არსებითად გაიზარდა 11 წლის წინ და დღემდე გრძელდება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ ძალისხმევას, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG